ოლიმპიადის ზოგადი დებულება განსაზღვრავს OLYINFO-ს ჩატარების წესებსა და პირობებს. აგრეთვე, ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.
მუხლი 1. ოლიმპიადის ჩატარება
1. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს OLYINFO-ს საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას;
ბ) ატარებს ოლიმპიადის ტურებს ამ დოკუმენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ამ წესის შესაბამისად, აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ოლიმპიადის ფინალური ტურის დასრულების შემდგომ;
დ) უზრუნველყოფს ოლიმპიადის ჩატარებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობის შექმნას.
2. ოლიმპიადის ჩატარების დრო
OLYINFO ტარდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონზე.
მუხლი 2. ოლიმპიადის ჩატარების სტრუქტურა
2.1.ოლიმპიადა მოიცავს ორ ტესტურ (თეორიულ) კომპიუტერულ ტურს:
ა) პირველი ტური;
ბ) მეორე ტური (ფინალური).
2.2 ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ (დაუსწრებელი) ტურია. მისი შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში;
2.3. ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტური დასწრებული ტურია. მისი შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.
მუხლი 3. ოლიმპიადის ჩატარების ფორმა
3.1. ოლიმპიადის ორივე ტურის ჩატარების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია და მის ჩატარებას უზრუნველყოფს სპეციალური ავტომატიზირებული სისტემა, რაც პროცესის და შეფასების აბსოლუტურ ობიექტურობას უზრუნველყოფს;
3.2. ოლიმპიადა ტარდება ტესტების მეშვეობით, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია ტესტირების დაწყებამდე;
3.3. ტესტირება ერთდროულად ტარდება თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის. პირველ ტურში მოსწავლე მონაწილეობას ღებულობს მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ექნება წვდომა კომპიუტერზე და ინტერნეტზე.
მუხლი 4. ოლიმპიადაში მონაწილეობა
4.1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.
ოლიმპიადა ჩატარდება 4 ასაკობრივ ჯგუფში: III-IV, V-VI, VII-VIII და IX-XII კლასები. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეებს მიეცემათ იდენტური დავალებები.
4.2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა"კომაროვი", თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლა, თბილისის დემირელის სახ. კერძო კოლეჯი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის შპს N1 სკოლა, ასევე თბილისის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი „მზიური“) მოსწავლეებს (გარდა III, IV, V და VI კლასებისა), რომლებიც არიან ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების წევრები და მონაწილეობენ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, OLYINFO-ში მხოლოდ კონკურსგარეშე მონაწილეობის უფლება აქვთ.
4.3. რეგისტრაცია
4.3.1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს სპეციალური ონლაინ რეგისტრაცია OLYINFO-ს ვებ-გვერდზე: www.olyinfo.ge;
4.3.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში.
4.3.3. ოლიმპიადის ორივე ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა;
მუხლი 5. ოლიმპიადის ტურები და მათი ჩატარება
ოლიმპიადის თითოეული ტურის ჩატარების განრიგი საჯარო ხდება ვებ-გვერდის www.olyinfo.ge-ს საშუალებით. ფინალური ტურის ჩატარების ადგილთან და განრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე ტურის ჩატარებამდე.
5.1 ოლიმპიადის პირველი ტური
1. ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინია. მონაწილე ვებ-გვერდზე www.olyinfo.ge განთავსებული ლინკის საშუალებით, რეგისტრაციისას მისთვის მაილზე გაგზავნილი პაროლის გამოყენებით, ტურის დაწყების წინასწარ დაანონსებულ დროს შედის სისტემაში, ღებულობს დავალებას ტესტების სახით და მუშაობს ტურისათვის გამოყოფილი დროის განმავლობაში. ტესტებზე გაცემული პასუხების შემოწმება ხდება ავტომატურ რეჟიმში და სისტემაში გენერირდება ტურის მონაწილეთა რანჟირებული სია, რის მიხედვითაც გამოვლინდებიან ოლიმპიადის მეორე (ფინალურ) ტურში გადასული მონაწილეები. ფინალურ ტურში თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან გადადის ოლიმპიადის შიდა წესდებით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობა.
2. მონაწილეთა პირველადი ინდივიდუალური შედეგები OLYINFO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.olyinfo.ge გამოქვეყნდება ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბოლოო შედეგები და მეორე (ფინალურ ) ტურში გადასულ მოსწავლეთა სია 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.2 ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტური
1. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირველი ტურის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც მოხვდება ოლიმპიადის შიდა წესდებით განსაზღვრულ, ფინალურ ტურში გადასულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში;
2. თუ ფინალურ ტურში გადასულ მოსწავლეთა რეიტინგული სიის შედგენის დროს შიდა წესდებით განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობაზე მეტს თანაბარი ქულები უფიქსირდებათ, მაშინ ფინალურ ტურში გადასულთა გამოვლენის მიზნით გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების მიერ პირველ ტურში დავალების შესრულებაზე დახარჯული დრო. სამუშაოს დამთავრების დროდ ჩაითვლება ბოლოს გაცემული პასუხის დრო (უპირატესობა მიეცემა იმ მონაწილეს, რომელმაც დავალების შესრულებას ნაკლები დრო მოანდომა);
3. ოლიმპიადის ფინალური ტურის მონაწილეთა პირველადი შედეგები ცნობილი ხდება დაუყოვნებლივ, ფინალური ტურის დამთავრებისთანავე, ხოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შემდეგ სააპელაციო განაცხადებების განხილვისთანავე ასეთების არსებობის შემთხვევაში;
4. სააპელაციო განაცხადებების მიღება OLYINFO-ს დასრულებისთანავე;
5. თუ ფინალური ტურის დასრულების და სააპელაციო განაცხადებების განხილვის შემდეგ (ასეთების არსებობის შემთხვევაში) რეიტინგული სიის შედგენის დროს პირველ 10 მონაწილეს ან მეტს თანაბარი ქულები უფიქსირდებათ, მაშინ გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა მიერ პირველ ტურში აღებული ქულები;
6. თუ პირველი ტურის შედეგების გადახედვით და გათვალისწინების შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მიერ ფინალურ ტურში დავალების შესრულებაზე დახარჯული დრო. სამუშაოს დამთავრების დროდ ჩაითვლება ბოლოს გაცემული პასუხის დრო (უპირატესობა მიეცემა იმ მონაწილეს, რომელმაც დავალების შესრულებას ნაკლები დრო მოანდომა);
7. ფინალურ ტურზე ერთნაირი დროების ქონის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება პირველ ტურში ნაჩვენები დროები.
მუხლი 6. ტესტირება
1. ტესტირების მიმდინარეობა
1.1 ოლიმპიადის როგორც პირველი, ასევე მეორე (ფინალური) ტურის ხანგრძლივობაა 60 წუთი;
1.2. პირველ ტურზე დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს შეეძლება იმუშაოს მხოლოდ ტურის დამთავრებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში;
1.3. ფინალურ ტურზე დაგვიანებული მონაწილე ოლიმპიადაზე დაიშვება კონკურსგარეშე;
1.4. ფინალურ ტურზე 15 წუთით ან მეტით დაგვიანების შემთხვევაში მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება.
2. ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები
2.1. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
ა) ოლიმპიადაზე გამოცხადდეს მისთვის განკუთვნილ დროს;
ბ) დაიცვას წესდება, კეთილსინდისიერად იმუშაოს ტესტზე;
გ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მეთვალყურის ცალკეული მითითებანი;
2.2. ფინალური ტურის მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოყენება;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
2.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
2.4. ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში:
ა) OLYINFO-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ყველა ის ღონისძიება რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული ფაქტის აღკვეთისკენ.
მუხლი 7. ფინალურ ტურზე ტესტირების პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა
7.1. ფინალურ ტურზე ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) პირები, რომელთაც აქვთ OLYINFO-ს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა;
ბ) მეთვალყურე;
გ) კოორდინატორი;
დ) ორგანიზატორი;
ე) რეგისტრატორი;
ვ) პასუხისმგებელი პირი;
ზ) ექიმი;
თ) საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი.
7.2. ფინალური ტურის მსვლელობისას დაუშვებელია ტურის მიმდინარეობის ადგილზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგნის სპეციალისტის (მასწავლებელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა), მონაწილეთა მშობლების ყოფნა;
7.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისათვის ხელის შეშლა.