ტესტების მომზადება და შედეგების გასაჩივრება

მუხლი 1. ტესტების მომზადება
1.1. ოლიმპიადის თითოეული ტურისათვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს OLYINFO-ს მიერ შერჩეული ტესტების შემდგენელთა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს წამყვანი სპეციალისტებით და ინფორმატიკის ოლიმპიადების ჩატარებაში უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით;
1.2. შედგენილი ტესტები გადამოწმდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც ასევე წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული;
1.3. ტესტის მასალის გარკვეული ნაწილი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას;
1.4. ოლიმპიადის ტესტი სკოლაში მიღებული ცოდნის შემოწმებასთან ერთად ამოწმებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოსწავლის ზოგად ცოდნას და მონაწილეების ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, მათ მიერ პრობლემის გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს;
1.5. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად;
1.6. ოლიმპიადის ორივე ტურის დავალება ტესტურია.


მუხლი 2. ოლიმპიადის ტესტების გასწორება
2.1 ოლიმპიადის ორივე ტურის ჩატარების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია და მის ჩატარებას უზრუნველყოფს სპეციალური ავტომატიზირებული სისტემა, რაც პროცესის და შეფასების აბსოლუტურ ობიექტურობას უზრუნველყოფს. თითოეულ ტურზე ნამუშევრების შეფასება და ქულის განსაზღვრა ხდება ავტომატიზირებული სისტემის მიერ.
2.2. ნაშრომების გასწორების დრო:
ა) პირველი ტურის ნაშრომების გასწორება და პირველადი შედეგების OLYINFO-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება ხდება ტურის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 7 კალენდარული დღის განმავლობაში;
გ) მეორე (ფინალური) ტურის პირველადი შედეგები ცნობილი ხდება ტურის დასრულებისთანავე, ხოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შემდეგ სააპელაციო განაცხადებების განხილვისთანავე ასეთების არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 3. სააპელაციო განაცხადების განხილვა
3.1. ოლიმპიადის ყოველი ტურის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება OLYINFO-ს მიერ შექმნილი ოლიმპიადის სააპელაციო განაცხადების კომისიის მიერ;
3.2. ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს სააპელაციო განაცხადი პირველადი შედეგების, ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის სააპელაციო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ საკითხის ნომერი (ეკრანზე მინიჭებული ან რეალური), რომლის თაობაზეც წარდგენილია აპელაცია;
3.3 ოლიმპიადის მონაწილის სააპელაციო განაცხადი უნდა იყოს არგუმენტირებული, მასში მოცემული საკითხი უნდა იყოს კონკრეტული წყაროებით განმტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო განაცხადი არ განიხილება;
3.4 სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო განაცხადში. სააპელაციო კომისია განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 2 დღის ვადაში;
3.5. სააპელაციო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი;
3.6. ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილის სააპელაციო განაცხადი განიხილება მხოლოდ OLYINFO-ს საიტზე მითითებულ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.
3.7. ოლიმპიადის სააპელაციო განაცხადების განხილვის შედეგები:
3.7.1 ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული სააპელაციო განაცხადები გადაეგზავნება სპეციალურ კომისიას, რომელიც განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში განიხილავს საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას;
3.7.2. სააპელაციო განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს არგუმენტირებულ ახსნას ელექტრონული სახით, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ კონკრეტული საკითხი;
3.7.3. სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული საკითხის შესაბამისი ქულა დაემატება მონაწილის შედეგს, თუ ეს საკითხი არასწორად იყო შეფასებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასწორი შეფასება გამოწვეული იყო კონკრეტულ ტესტში გაპარული შეცდომით, მაშინ ქულა დაემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ყველა მონაწილეს;

3.8. ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტურის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს სააპელაციო განაცხადი პირველადი შედეგების გაცნობისთანავე წერილობითი ფორმით ამ მუხლის 3.2 და 3.3 პუნქტებში აღწერილი წესების მიხედვით და გადაწყვეტილება აპელაციის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ მიღებული იქნება დაუყოვნებლივ;

3.8.1. სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული საკითხის შესაბამისი ქულა დაემატება მონაწილის შედეგს, თუ ეს საკითხი არასწორად იყო შეფასებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასწორი შეფასება გამოწვეული იყო კონკრეტულ ტესტში გაპარული შეცდომით, მაშინ ქულა დაემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ყველა მონაწილეს.